ყველა ჩიტმა უნდა ისწავლოს ფრენა. ან მოკვდეს.

“მხოლოდ სახელიც კმარა, რათა იყო სამყაროში“
ინგებორგ ბახმანი

ასე მგონია, წიგნები ხეებზე დატოვებული ნიშნებია. თითქოს თავს იზღვევს ადამიანთა მოდგა, რომ გზა არ დაებნეს, უკანა კაცზე ზრუნავს. რა გზაც დამწერმა გაკვალა, ის წამკითხველმა სწრაფად უნდა გაიაროს.
და იქნებ, ოდნავ წინაც წადგას ნაბიჯი.

წიგნებში დავხეტიალებ. ვიცვლი კანის ფერს, ასაკს, ტანსაცმელს; ხან სქესშეცვლილი, შვილს დამპალ ნესვს ვართმევ, და ვდგავარ ასე; ხანაც უსაშველოდ გრძელ ნაწნავს წელზე ვიხვევ; ზოგჯერ არწივი ვარ, მხრიდან გაფრენილი; ზოგჯერ ფერადი ქოლგები ვარ, მხსნიან და მხურავენ, ბრიტანეთში ჭირვეული აპრილია.

დილით, 9 საათზე, სტანდარტული ადამიანი ვარ. ყვითელ ავტობუსს მივდევ გინებით და ლექციაზე ვაგვიანებ. ერთი წლის შემდეგ რომელიმე ბანკში გავყიდი კარგად შეფუთულ განავალს.

„ადამიანს ერთი რამ განასხვავებს ცხოველისგან, მას ჩარჩოებიდან გასვლა შეუძლია, მას შეუძლია ბრძოლა“. – ლექტორიც სტანდარტული ადამიანია, რომელიც არასაჭირო დროს არასაჭირო თემაზე საუბრობს.

შუადღის 3 საათზე სტანდარტული ადამიანი ვარ. ვსადილობ, პარალელურ რეჟიმში ვეცნობი დღის სიახლეებს BBC-ზე. მოკლედ ვპასუხობ მეგობრების დასმულ შეკითხვებზე skype-ში, კიდევ უფრო მოკლედ ვპასუხობ შემოსულ ზარებსა და ოჯახის წევრებს.

საღამოს 7 საათზე მარტო ვარ. კაფკას გაცრეცილყდიან „პროცესისს“ ვიღებ ხელში და ვეკითხები: „ადამიანს ერთი რამ განასხვავებს ცხოველისგან, მას ჩარჩოებიდან გასვლა შეუძლია, მას შეუძლია ბრძოლა. რატომ არ იბრძვი?“

ვიცი რამდენიმე ბიოგრაფიული ფაქტი, რომლებიც ალბათ ჩემს კითხვაზე პასუხს ვერ გამცემენ. აი ისინიც:
1883 წლის 3 ივლისს დაიბადა პრაღაში, გერმანულენოვან ებრაელთა ოჯახში. მამასთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. ჰყავდა 2 ძმა, რომლებმაც 2 წლის ასაკამდეც ვერ მიაღწიეს და 3 უმცროსი და. სწავლობდა პრაღაში, გერმანულ უნივერსიტეტში, სამართალს. ლიტერატურას თვლიდა თავისი არსებობის ერთადერთ გამართლებად, თუმცა დაცვის კომპანიაში იმუშავა მთელი ცხოვრება. ის რამდენიმე მოთხრობა, რომლებიც სიცოცხლეში დაუბეჭდეს, ყურადღების მიღმა დარჩათ მკითხველებს. ბოლო წლების მანძილზე ცხოვრობდა ევროპის სხვადასხვა სანატორიუმში. ამ პერიოდში ჰქონდა რომანი გათხოვილ ჩეხ ჟურნალისტთან. 1923 წელს რამდენიმე თვით ბერლინში დასახლდა 19 წლის დორა დიმატთან ერთად. 1924 წლის 3 ივნისს, 40 წლის ასაკში, ვენის ტუბერკულიოზის სანატორიუმში გარდაიცვალა.

„წერილი მამას“ – ჩემთვის ასე დაიწყო კაფკა. წავიკითხე მოთხრობები: „განაჩენი“, „მეტამორფოზა“, „გამოსასწორებელ კოლონიაში“; რომანი „პროცესი“ და რამდენიმე მცირეტანიანი პროზა, რომლებსაც, ვფიქრობ, არ უნდა გაეცნო, თუ ამ ავტორის რომელიმე ვრცელი ნაწარმოები არ წაგიკითხავს.

„კოშკს“ არ გადავწვდი, დიდი დოზით ერთი მწერლის „მიღება“ არ მიყვარს.

***

„მეტამორფოზას“ მთავარი მოქმედი გმირია გრეგორ ზამზა, რომელიც ცხოვრობს ოჯახთან ერთად – დედასთან, რომელიც დაავადებულია ასთმით; მამასთან, რომელიც ხუთი წლით ადრე გაკოტრდა და მუშაობის გაგრძელება აღარ უცდია; და 17 წლის დასთან. თვითონ გრეგორი მუშაობს სამგზავრო აგენტად და მუდმივ სტრესშია, არ დაკარგოს სამსახური.

ნაწარმოები იწყება იმ დილით, როდესაც გრეგორ ზამზა გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უზარმაზარ ხოჭოდ გადაიქცა (მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული, კერძოდ რომელ საცეცებიან მწერად იქცა ზამზა, მაგალითად ნაბოკოვი ტარაკანად მიიჩნევს, ჩვენ მოვიხსენიოთ, როგორც ხოჭო). ერთადერთ რამეზე წუხს ზამზა ამ დროს – უფროსი სამსახურში მის არყოფნას შეამჩნევს! ნაწარმოების პირველ ნაწილში გრეგორი გაჭირვებით ახერხებს ადგომასა და კარის გაღებას, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად კომპანიის გაბრაზებული მენეჯერი ელოდება. ზამზას დანახვა ყველას შეაშინებს, მენეჯერი სახლიდან გაიქცევა.

ნაწარმოებს თან გასდევს შიში და ძრწოლა, რაც ზოგადად დამახასიათებელია კაფკასთვის. ოჯახის წევრები, ნაცვლად იმისა, რომ იღონონ რამე, უბრალოდ ელიან, იქნებ ისევ ადამიანად იქცეს გრეგორი. თვითონ ზამზა საკმაოდ გულუბრყვილოა, ერთგვარი სიბრალულის გრძნობაც კი უჩნდება დის მიმართ, საკუთარ თავს პირდება, რომ ადამიანად გადაქცევის შემთხვევაში, კონსერვატორიაში გაგზავნის მას.

მოთხრობის დასკვნით ნაწილში სახლში მდგურები გადმოდიან, რომლებიც წააწყდებიან გრეგორს და ოჯახის უფროსს ქირის გადაუხდელობით დაემუქრებიან. ამის შემდეგ ოჯახს მისთვის გამოაქვს სასიკვდილო განაჩენი. ისინი თავს იმართლებენ იმით, რომ ეს საზარელი ხოჭო არ შეიძლება მათი ოჯახის წევრი იყოს; საუბრობენ ხოჭოს თავიდან მოცილებაზე. სასოწარკვეთილი გრეგორი კვდება.

ნაბოკოვი თავის ნაშრომში „ფრანს კაფკას „მეტამორფოზა“ წერს, რომ ყოველ ადამიანს საკუთარი რეალობა აქვს, რომ ისეთი რაღაცებიც კი, როგორებიცაა ხე, სახლი, ქვა, ადამიანში სხვადასხვაგვარად აღიქმება, სხვადასხვა ხედვას უყალიბებს. ამიტომ „მეტამორფოზა“ არ არის აბსურდი, ეს კაფკასეული რეალობაა.

ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ კაფკას ფროიდისეული არასრულფასოვნების კომპლექსის გამო, მამის მიმართ ერთგვარი დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა. ზამზას მწერად ქცევას ისინი ამ კუთხით განიხილავენ – მწერი მითოლოგიურად დაკნინებული შვილის სიმბოლოა.

წერენ ბევრს რელიგიურ მოტივებზეც. პირადად მე, ერთი ცუდი ზნე მაქვს, ნებისმიერ ლიტერატურულ მამაში ღმერთს ვპოულობ , იმ შემთხვევაშიც კი, თუ  მას უამრავი ნაკლი აქვს.

***

„პროცესში“ მოთხრობილია ამბავი იოზეფ კ–ზე, რომელიც უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე, თუმცა არ იცის, რაში ადანაშაულებენ. ადვოკატები და ყველა სხვა პირი, რომელიც პროცესში ჩართულია, მის საქმეს რთულად მიიჩნევს. კ–ს არ აპატიმრებენ, ის ჩვეულებრივ განაგრძობს ცხოვრებას, მუშაობას, სასიყვარულო ურთიერთობებს. სასამართლოში კ. ბევრს ვერ გებულობს. იცის, რომ დამნაშავეა რაღაცაში, მაგრამ არ ცდილობს გაარკვიოს, რა სასჯელი ელის. ერთ დილით ის ორ მამაკაცს მიყავს დაუსახლებელ ადგილას. კ–ს ყელს ჭრიან, „როგორც ძაღლს“…

„მას შეუძლია ჩარჩოებიდან გასვლა, მას შეუძლია ბრძოლა“… რას ებრძვიან ადამიანები? თუნდაც ლიტერატურაში. სხვებს, საკუთარ თავს, ან რაღაცას, ჩვენზე აღმატებულს.

ამ აღმატებულთან ბრძოლაა „დონ კიხოტი“. ხშირად მეც მაქვს განცდა, რომ ქარის წისქვილებთან მეომარი დონ კიხოტი ვარ. იგივე უსუსურობა მეუფლება კაფკასთანაც.

მაგრამ კაფკასთან თითქოს არაფრისთვის იბრძვიან; ეგუებიან ბედს; არ ეწინააღმდეგებიან ვიღაცის თუ რაღაცის გამოტანილ განაჩენს; არ ითხოვენ განმარტებებს; აქ იმსიღრმე შიშია, გაოცებისთვისაც არ რჩება ადგილი.
რატომ?

***

ამელი ნოტომის ლიტერატურა ერთი სიტყვაა „მეომე“.

და მე, ამ საღამოს შევწყვეტ კაფკაზე ფიქრს. გადავალ ნოტომთან და გეტყვი: “მეომე!” ეს მოწოდებაა იმისკენ, რომ შემერკინო. გამოიყენო შენი საუკეთესო იარაღი, შენი საუკეთესო მებრძოლები გამოიყვანო, შეესიო და აყარო ჩემი სოფელი, ხალხს სახლი წაგლიჯო, ჩემს ღმერთს – ხე (ჭილაძიდან – “ხე ღმერთის სახლია”). მე კი ვიდგები შენ წინ, უმოქმედო, უიარაღო და აქა–იქ ჩავიღიმილებ. მე მინდა, შენ გამარჯვებით მოპოვებული სიხარული მოგანიჭო. დაგატკბო მინდა. რადგან აღარ ოცნებობ და მხოლოდ სხვების მონიშნულ რკალზე მოძრაობ – მუშაობ, გიყვარს, უშვებ შეცდომებს.

“მეომე” – ეს სიტყვაა, რომელიც გადმომედო და იქნებ ერთხანს თან ვატარო.

***

მეორე დღე. სტანდარტული საღამოს 7 საათი, როდესაც სახლში მარტო ვრჩები. მარტინ ვალზერის სიტყვები მახსენდება: „ვინც დარწმუნებულია, არც არაფრის შიში მაქვს, არც არაფერი დამრჩენია სანატრელიო, ის კაფკას ნამდვილად ვეღარ წაიკითხავს“.

ერთადერთი საშუალება საზღვრების მსხვრევისა ოცნებაა (განა ნოტომის „მეომე“ იგივე გამოწვევა არ არის?)

კაფკასთანაც ქარის წისქვილებს ებრძვიან მცირე ოცნებებით, ნაწილობრივი იმედით და მერე, სასოწარკვეთილი იმით, რომ ვერაფერი იღონეს, კვდებიან.

თითქოს ორადორი ქურქი დაუტოვა კაფკამ ადამიანს კარადაში – შიში და ოცნება, ორი დამანგრეველი იარაღი. და საზღვრების მოშლა მხოლოდ მათი სწორი კომბინაციით გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი.

ალბერ კამიუ თვლიდა, რომ კაფკა ეს არის სამყარო, სადაც ადამიანი საკუთარ თავს აძლევს უფლებას დაიკმაყოფილოს ავადმყოფური სურვილი იმ აბაზანაში თევზაობის, სადაც თავად იცის, ვერაფერს დაიჭერს.

ინგებორგ ბახმანის ესსე „სახელის უარყოფა“ მომაგონდა :

„როცა კაფკას რომანები და მოთხრობები ცნობილი გახდა, მათთან ერთად ცნობილი გახდნენ კ. და იოზეფ კ., ორი პერსონაჟი, რომელთა, ჩვეულებრივი გაგებით, რომანის პერსონაჟებად გამოყოფა არამარტო შეუძლებელია, არამედ ისინი სახელებშივე არიან შეკვეცილ-რედუცირებული და უფრო შიფრად გვევლინებიან, ვიდრე სახელებად. ავტორის მიერ სახელის უარყოფასა და კ.-ს მიმართ ყოველივე იმაზე უარის თქმას შორის, რაც კ.-ს სახელის ტარების უფლებას მიანიჭებდა, საყურადღებო კავშირი არსებობს. ამ პერსონაჟს წართმეული აქვს წარმომავლობა, გარემო, თვისებები, ყოველგვარი მოვალეობა, ყოველგვარი გამომდინარეობა.

მას სახელის უარყოფის უფლება არა აქვს.

როგორ უნდა შედგეს სახელი _ კ., როგორ უნდა მოშინაურდეს სხვა უბრალო სახელთა შორის. კ. თუნდაც მხოლოდ მისი სახელის გამო, შეიძლება მხოლოდ გზაში წარმოვიდგინოთ, მაგრამ არა მიზანთან, არა რაიმე ერთობაში.

მაგრამ ჩემთვის მიუღებელია კაფკას ექსეგეზა.
ჩვენ მიჩვეულნი ვართ პერსონაჟების სახელებით ამოცნობას და ამ სახელთა კვალდაკვალ სიარულს, როცა გვგონია, რომ ამ სახელებთან ერთად პერსონაჟსაც ვფლობთ. კაფკასთან ჯერ კიდევ შესაძლებელია სახელს ჩავეჭიდოთ. მართალია, ხშირად უკუგვაგდებენ, გვაეჭვებენ, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვეჭიდებით მას“.

ზუსტად ასეთი მოჭიდების მცდელობები მაქვს ხოლმე. თუ მკითხველის ტიპებს გამოვყოფთ, მე იმ ჯგუფში აღმოვჩნდები, რომელიც მწერლისგან ალტერნატიული სამყაროს, ალტერნატიული რეალობის შექმნას ითხოვს.

არასდროს მომწონს წიგნი, რომელიც საშუალებას არ მაძლევს მის ფურცლებზე ჩამოვდგა პატარა სახლი, მოკრძალებული აივნითა და ქოთნის ყვავილებით ამ აივანზე. ან წიგნი, სადაც პერსონაჟებს ვერ მოეხვევი, ვერ დაყნოსავ.

კაფკა ძალიან ცივი იყო ჩემთვის. ამ სახლის კარს იშვიათად ვაღებდი და კრძალვით. ფეხს ვითრევდი, მერე მაინც ავდიოდი რომელიმე სახლის სხვენზე, სასამართლოს დარბაზს ვპოულობდი და უკანა რიგში ვჯდებოდი ღონემიხდილი, ფერდაკარგული…

ასეც ხშირად ხდება, სიზმარში გადმოდიან პერსონაჟები. იოზეფ კ–ც მესიზმრა. მის ოთახში ლურჯი ფარდები ეკიდა, უხეში ნაჭრის. იწვა. მეც ვიწექი. მე – ოდნავ მოხრილი, საწოლის ქვეშ. ის – საწოლზე. ჭერს აყურებდა.

მერე შემეშინდა. რომელი წიგნიც მესიზმრება, იმის მეშინია, ვხვდები ზედმეტად შემომეჭრა, თუ პირიქით მე შევეჭერი. ამ დროს შეიძლება ქუჩაში ვიღაცა მივამსგავსო კიდეც და გავეკიდო: იოზეფ, იოზეეეეეფ!

ეს სიახლოვის განცდაც ბრძოლაა ალბათ. ჩარჩოდან გასვლა. მცდელობა, გაშალო ფრთები…

About these ads

One thought on “ყველა ჩიტმა უნდა ისწავლოს ფრენა. ან მოკვდეს.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s